მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: საჭიროებისას სააკაშვილს ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ

"როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება“. - იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“. –  თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი თანახმაა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

19 ოქტომბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-20 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები