რუსეთი

პუტინი: რუსეთი გაზს ევროპის წინააღმდეგ იარაღად არ იყენებს 

ვლადიმირ პუტინი

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებები იმის შესახებ, რომ ენერგეტიკული კრიზისის პირობებში რუსეთი დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და ბუნებრივ გაზს ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს, არ შეესაბამება სიმართლეს. 

"ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩვენ ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკურ იარაღად ვიყენებთ".  – თქვა პუტინმა. 

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ევროპისთვის წარმოადგენდა სანდო პარტნიორს, რომელიც დასავლეთს ბუნებრივი გაზით ცივი ომის პერიოდშიც კი ამარაგებდა. 

"ცივი ომის ურთულეს პერიოდშიც კი რუსეთი ყოველთვის ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს და ევროპას გაზით ამარაგებდა".

რუსეთის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ ევროპაში ბუნებრივ გაზსა და საწვავზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, რუსეთს გაზის მიწოდება არ გაუზრდია, რამაც ფასებზე იქონია გავლენა. 

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბუნებრივი გაზის ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულებს აღწევს, რასაც ექსპერტები ენერგეტიკულ კრიზისად მიიჩნევენ, რომელშიც უდიდესი წვლილი რუსეთის მთავრობას და კომპანია გაზპრომ მიუძღვის. 

ევროპელი კანონმდებლების შეფასებით, ენერგეტიკულ კრიზისს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს, ბუნებრივ გაზს კი – იარაღად. 

პუტინის თქმით, ევროპის პრობლემა რუსეთი სულაც არ არის და ევროპელებმა ყურადღება თავიანთი ინფრასტრუქტურისა და ენერგიის წყაროების გამართვაზე უნდა გადაიტანონ. 

"პრობლემა ჩვენში არ არის, პრობლემა თავად ევროპაშია". – ამბობს პუტინი. 

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, საწვავისა და ბუნებრივი გაზის კრიზისი ცხადყოფს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და ეს უკანასკნელი შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს კრემლი პოლიტიკურ იარაღად ენერგეტიკულ რესურსებს.

 

კომენტარები