ბელარუსი

ბელარუსში აკრძალული მედიის გამომწერები "ექსტრემისტებად" გამოცხადდებიან

ბელარუსის სოლიდარობის აქცია გერმანიაში
Sachelle Babbar / ZUMA Wire / TASS

ბელარუსში ადამიანები, რომლებიც აკრძალული მედიების გამომწერები არიან, ახალი კანონით ექსტრემისტებად გამოცხადდებიან. ქვეყანაში 100-ზე მეტი ტელეგრამ-არხი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება აქტიურად ებრძვის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას.

ბელარუსის ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანახმად, შესაძლებელი ხდება "ექსტრემისტული ტელეგრამ-არხების გამომწერებს, როგორც ექსტრემისტული ჯგუფის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ". უწყების თანახმად, გამომწერებს შესაძლოა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეთ, თუმცა დამოუკიდებელი მედიის Nexta-ს უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი არ არის.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. ოპოზიციონერი ლიდერებმა ან ქვეყანა დატოვეს, ან დაკავებულები არიან. არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მან ქვეყანა მალევე დატოვა. ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის აქტიურად ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მასობრივად ხურავენ.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. რეიდები მოეწყო რამდენიმე ბელარუსულ მედიაში: ნაშა ნივაბრესტის გაზეთი და Intex-Press-ში. გამოცემა Belsat-ის საიტი და სოციალური მედიის ანგარიშები ექსტრემისტულად გამოცხადდა.

Tut.by ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი ონლაინ-მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ "მტრობის გაღვივებისთვის" სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მაისში მედიის საიტი დაბლოკეს და ოფისები გაჩხრიკეს. Tut.by-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გადაუხდელობისთვის აღძრეს. ივლისში Tut.by-ის გუნდის ყოფილმა წევრებმა ახალი მედია Zerkalo.io დაარსეს.

კომენტარები