ბელარუსი

ბელარუსში დამოუკიდებელი მედიის ოფისში რეიდი მოაწყვეს, დააკავეს გამოცემის მთავარი რედაქტორი

გამოცემა ნაშა ნივას თანამშრომლები
Instagram

8 ივლისის ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ დამოუკიდებელი მედიის ნაშა ნივას საიტი დაბლოკა. საიტი მიუწვდომელია როგორც ბელარუსიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. უწყებამ საიტი გენერალური პროკურატურიდან ცნობის საფუძველზე დაბლოკა. გადაწყვეტილების მიზეზი "აკრძალული ინფორმაციის გავრცელება გახდა", თუმცა არ დაზუსტებულა, უშუალოდ რა ინფორმაციაზეა საუბარი.

პოლიციამ გამოცემის ოფისის და თანამშრომლების სახლების გაჩხრეკა დაიწყო. დაკავებულია ნაშა ნივას მთავარი რედაქტორი ეგორ მარტინოვიჩი და ჩხრეკენ მის სახლს. სამართალდამცველებმა ამოიღეს საბუღალტრო საბუთები. ჩხრეკენ მთავარი ბუღალტრის ოლგა რაკოვიჩის და რედაქტორის ანდრეი სკურკოს სახლებსაც. რამდენიმე ჟურნალისტთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

8 ივლისს სამართალდამცველები მივიდნენ კიდევ ორი რეგიონული მედიის ოფისებში - ბრესტის გაზეთსა და Intex-Press-ში. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილია, რომ Intex-Press-ის ოფისს KGB-ს თანამშრომლები ჩხრეკენ.

მაისში ანალოგიურად პოლიცია რეიდით მივიდა გამოცემა Tut.by-ს ოფისში, რომელიც ბელარუსის ყველაზე მსხვილი ონლაინ მედიაა. 18 მაისს გამოცემის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა დაწყო, დაიბლოკა მედიის საიტი. Tut.by-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გადაუხდელობისთვის აღძრეს. საქმეზე გამოცემასთან დაკავშირებული 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის Tut.by-ის გენერალური დირექტორი ლუდმილა ჩეკინა, მთავარი ბუღალტერი ანჟელა ასადი და მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვა.

ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, Tut.by ექსტრემისტულ ინფორმაციად გამოეცხადებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის განხილვა გამოცემის ადვოკატების მიერ შუამდგომლობის დაყენების გამო დროებით გადაიდო.

კომენტარები