ბელარუსი

ბელარუსული მედიის BELSAT-ის საიტი და სოციალური მედიის ანგარიშები ექსტრემისტულად გამოაცხადეს

27 ქალაქ გომელის სასამართლომ ბელარუსული ოპოზიციური მედიის Belsat-ის საიტი და სოციალური მედიის ანგარიშები ექსტრემისტულად გამოაცხადა.

გადაწყვეტილება ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით იყო მიღებული.

ბელარუსში ექსტრემისტული წყაროებიდან ინფორმაციის გავრცელება დასჯადია და ჯარიმას ან დაკავებას ითვალისწინებს.

Belast-მა მაუწყებლობა 2007 წელს დაიწყო. პროექტი შეიქმნა როგორც პოლონური ტელევიზიის ადგილობრივი მაუწყებლობა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდებოდა.

2021 წლის თებერვალში მინსკის სასამართლომ Belsat-ის ორ თანამშრომელს დარია ჩულცოვას და ეკატრერინა ბახვალოვას კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტებს 2020 წლის ნოემბერში დაღუპული ოპოზიციონერის რომან ბონდარენკოს ხსოვნისთვის გამართული აქციიდან პირდაპირი ეთერი მიჰყავდათ. აქცია პოლიციამ დაარბია, ჟურნალისტები კი აქციის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მასობრივად ხურავენ.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ ჯამში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.

რეიდები მოეწყო რამდენიმე ბელარუსულ მედიაში ნაშა ნივაბრესტის გაზეთი და Intex-Press-ში. მანამდე, მაისში პოლიციამ რეიდი მოაწყო ბელარუსის უმსხვილესი ონლაინ მედიის Tut.by-ის ოფისში. ერთ თვეში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, Tut.by ექსტრემისტულ ინფორმაციად გამოეცხადებინა. 

კომენტარები