მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლომჯარია: უარყოფითად ვაფასებთ განცხადებას, რომელიც სააკაშვილს მძიმე შიმშილობისკენ უბიძგებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის თქმით, ის დეტალურად ვაკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს და ასევე ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ, როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე სამედიცინო პერსონალთან.

"უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან". – წერია განცხადებაში

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს, უწყებამ და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა უნდა დაიცვან მსჯავდებულის ინტერესები, რადგან ნებართვის გარეშე მსგავსი მონაცემების გასაჯაროება, ერთი მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

"პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას". – წერს ომბუდსმენი
 




1-ელი ოქტომბრის დილას, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფება. 

სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად უარყო. 1-ელი ოქტომბრის საღამოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი, რომელზეც გამოაცხადა, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია და სააკაშვილი დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა. 

სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილი აცხადებს შიმშილს და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.

აქამდე, 27 სექტემბერს სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც თქვა, რომ მას აღებული ჰქონდა თბილისისკენ მიმავალი ავიარეისის ბილეთი და 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვიდოდა. 

კომენტარები