ბათუმი

გრიგოლია: მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დაადგე, როგორც TV1-ის ჟურნალისტი, ბოდიშს ვიხდი

ტაბულა

ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებას ბოდიშს უხდის ტელევიზიის ეთერში გასული კადრებისთვის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ უსვამს კითხვებს ტვ პირველის ერთ-ერთი ჟურნალისტი კაცს, რომლის ოჯახის წევრები ნანგრევებში მოყვნენ.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ პირველის ჟურნალისტის სინქრონს მოყვა...იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილმკვდარ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისე ვწუხვარ..ისე.. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე...ძალიან მძიმე საყურებელი იყო ,მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო,მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)... მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ პირველის თანამშრომელი. ბოდიში!". - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკავრგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები