არჩევნები 2021

მელია: დღეს, 20:00 საათზე, შევიკრიბოთ ზუგდიდში, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დღეს, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში საპროტესტო აქციას გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, აქცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიზე გაიმართება. ნიკა მელია მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს. 

"ქართული ოცნება ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა იკადრეს ზუგდიდში, ღამით ქურდულად, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ, 20:00 საათზე შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, რომ ყველა დავარწმუნოთ, არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას".- ამბობს მელია. 

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები, მათ შორის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია, გაიყვანა. ელენე ხოშტარიას თქმით, ზუგდიდში ოპოზიციამ გაიმარჯვა, კომისიის წევრები კი ხმების გადათვლისას გაყალბებას აგრძელებენ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის.

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან. 

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%.

 

კომენტარები