არჩევნები 2021

ნონიაშვილი: ჩუღურეთში 35-ე უბანზე 0 ხმა გვეწერა, გადათვლით აღმოჩნდა, რომ ოცნებას მიათვალეს

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ ჩუღურეთის 35-ე უბანზე პარტიას 0 ხმა ჰქონდა, გადათვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი ხმები ქართული ოცნებისთვის ჰქონდათ მითვლილი.  

"არის ჩუღურეთის 35-ე უბნის ოქმი, სადაც ევროპულ საქართველოს ოქმის მიხედვით 0 ხმა ჰქონდა, რაც შეუძლებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, იმისთვის რომ ეს უბანი გადაეთვალათ და აღმოჩნდა რომ ევროპულ საქართველოს ჰქონდა ხმები მიღებული, თუმცა ეს ხმები ქართული ოცნების ყულაბაში ჰქონდათ მითვლილი. 

ეს არის პრობლემა, ეს არის ის, როგორც აყალბებს არჩევნებს ქართული ოცნება, ეს ერთ-ერთი მეთოდია. მგონი, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერისთვისაც, ასეთი მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი. ამიტომ არის ჩვენი ვალი რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ, რადგან პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ინარჩუნებენ სკამებს". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები