არჩევნები 2021

"საქმიანობის გამო დამემუქრნენ" – ისნის საოლქოში ენმ-ის წარმომადგენელს მანქანა დაუზიანეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, თამარ ქუთათელაძე ამბობს, რომ მისი მანქანა დააზიანეს და მომხდარს საქმიანობას უკავშირებს, რადგან, მისივე სიტყვებით, საჩივრების განხილვის დროს დაემუქრნენ. 

"ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ მენქანის დალეწვას. კონკრეტულად არავისზე მაქვს ეჭვი, მაგრამ საჩივრების განხილვა რომ მიმდინარეობდა, კონკრეტულად დაგვემუქრნენ წარმომადგენლებს და პარტიას. მე მეშინია რეალურად, საფრთხეს რეალურად აღვიქვამ.  

კონკრეტული პირები არ ვიცი, მაგრამ ოცნების წარმომადგენლები [დაგვემუქრნენ] გარეთაც და შიგნითაც მიმდინარეობდა აქცია, მაშინ გამოითქვა მუქარები ჩემს მიმართ. მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ". - ამბობს ქუთათელაძე ტაბულასთან საუბარში. 

მომხდარზე ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები