არჩევნები 2021

გრიგალაშვილი: გირჩი-მეტი თავისუფლება მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს დაუჭერს მხარს

გირჩი-მეტი თავისუფლება მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. 

გრიგალაშვილის თქმით, ხმების გადათვლის პარალელურად პარტია სრულად გადართულია მეორე ტურებზე, სადაც მათგან საბურთალოს ოლქში მეორე ტურში ბორის (ჩელე) ყურუა გადავიდა. 

"ამავდროულად, ჩვენ სრულად ვკონცენტრირდებით მეორე ტურზე, სადაც ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ბორის (ჩელე) ყურუა იქნება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისში ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, რომლის საარჩევნო კამპანიაზეც აპირებს გირჩი-მეტი თავისუფლებ სრულად კონცენტრირებას". – თქვა ბადრი გრიგალაშვილმა. 

გირჩი-მეტი თავისუფლების წარმომადგენლის შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეუძლებელია, ჩაითვალოს სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად. მისი თქმით, ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ევროპარლამენტარების, სენატორების შეფასებებიც. 

"გირჩი-მეტი თავისუფლება, დროასთან, ევროპულ საქართველოსთან და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ვეცდებით, თითოეული ხმა დავიცვათ, ვნახოთ თითოეული შესწორებული ოქმი, გასაჩივრებული ბიულეტენები გადავთვალოთ და გავიგოთ, რა არის რეალური შედეგი. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. 

ჩვენ ასევე ძალაში ვტოვებთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვგონია ლეგიტიმური ეს არჩევნები და, მეორე მხრივ, სრულად ვკონცენტრირდებით მეორე ტურებზე". – ამბობს ბადრი გრიგალაშვილი. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები