მიხეილ სააკაშვილის დაკავება

როდის და როგორ შემოვიდა სააკაშვილი – პროკურატურის პასუხი

World Bank/Roxana Bravo

პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სააკაშვილმა საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა და ჯერ სამეგრელოში წაიყვანეს ავტომანქანით, ხოლო შემდგომ თბილისში დააბინავეს ელგუჯა ცომაიას მიერ გადაცემულ ბინაში.

"საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა".

კომენტარები