არჩევნები 2021

ქემოკლიძე მეორე ტურზე: კითხვაზე, ვის დავუჭერთ მხარს, პასუხია, არც ერთს და არც მეორეს

"თქვენს კითხვაზე, ვის დაუჭერთ მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ, არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]". – თქვა პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ.

ქემოკლიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შექმნა გააჩინა შესაძლებლობა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ შეექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ პრაქტიკულ დონეზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის გუშინწინდელი დღე, როგორც ქართული ოცნება არის გუშინდელი დღე". – თქვა ქემოკლიძემ

ქემოკლიძის თქმით, პარტია საქართველოსთვის არ აპირებს საკუთარ ამომრჩეველს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში და მისი თქმით, პარტიის ელექტორატი ამას დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

"ის ელექტორალური სეგმენტი, ღრმა ანალიზის დონეზე რომ შევიდეთ, რომელმაც პარტია საქართველოსთვის დაუჭირა მხარი, შინაარსობრივად კარგად ერკვევა არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში. არ დასჭირდებათ ამ ადამიანებს რაიმე ტიპის მოწოდება, რომ ან ერთ მხარეს წავიდეს ან მეორე მხარეს წავიდეს. ჩვენს ელექტორატს ნამდვილად შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი". – თქვა ქემოკლიძემ


თბილისში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

რაც შეეხება ნაციონალურ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 99.92%-ს შეადგენს. პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა: ქართული ოცნება – 46.65%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 30.7%, გახარია-საქართველოსთვის –7.79%.

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები