არჩევნები 2021

ხაზარაძე: ოცნება თბილისში დამარცხდა, ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში იწყება ცვლილებები

"ქართული ოცნება თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია – თბილისში იწყება ცვლილებები". – ასე გამოეხმაურა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის შედეგებს. მისი თქმით, ოპოზიციამ შეძლო და ჩატარდება არჩევნების მეორე ტურები, რაც გააუმჯობესებს ოპოზიციის შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო ლელოს თითოეულ მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება შეასრულა. ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რაც მოხდა. არჩევნები არ დამთავრებულა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა, ახლა იწყება ხმების დათვლა და ეს ხმების დათვლა უნდა იყოს ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ თითოეული ხმა. მინდა ავღნიშნო, რომ, ძალიან ბერვ ადგილას არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად და შესაბამისად ამ ოქმების შედგენა გრძელდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ერთმართველური სისტემა, ოცნება ებღაუჭება ხელისუფლებას  მაგრამ დღეს მათ ეს ხელისუფლება დაკარგეს და ასე გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით". – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მეორე ტურები დაინიშნება, ხოლო TV იმედის მიხედვით კი, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო

  • Edison Research-ს (ფორმულას) 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 43% აქვს, ნიკა მელიას კი – 39%. 
  • IPSOS-ის (მთავარი არხის) 17:00-საათიანი მიხედვით, პირველ ადგილს ნიკა მელია იკავებს 40.8%-ით, კახა კალაძეს კი 40.2% აქვს;. 
  • რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.

კომენტარები