არჩევნები 2021

17:00-სთვის ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ ქვემო ქართლსა და თბილისშია

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 446 218 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 41.35%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა (55.3%) კვლავ რაჭა-ლეჩხუმში აღირიცხა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლსა (37.9%) და თბილისში (39.1%).

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.71% იყო, ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმში (53.4%), ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში (31.5%). მაშინ, 17:00-ზე, თბილისში ხმა ამომრჩეველთა 34.7%-ს ჰქონდა მიცემული.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00-სთვის ხმა 34.64%-ს ჰქონდა მიცემული, აქედან ყველაზე მეტს რაჭა-ლეჩხუმში (52.8%), ყველაზე ნაკლებს - თბილისში (29.3%).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00-სთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში (57.3%) იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლში (41.9%). თბილისში ხმა 43.8%-ს ჰქონდა მიცემული.

2012 წელს კი, ყველაზე მაღალი აქტივობა ასევე რაჭა ლეჩხუმში იყო (57.4%), ყველაზე დაბალი (37.9%) - ქვემო ქართლში. თბილისში ხმა ამომრჩეველთა 46.1%-ს ჰქონდა მიცემული.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები