არჩევნები 2021

შალვა პაპუაშვილი: მედია უბნებთან აჟიოტაჟს იწვევს

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერის და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, საარჩევნო უბნებთან მედია აჟიოტაჟს იწვევს. ამის შესახებ პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალუ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვხედავთ სხვადასხვა მედია საშუალებები როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეს. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი; პირველი – იცით, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად, შემოვიღეთ 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. როგორც მოქალაქეებმა, ასევე მედიამ უნდა ვცეთ პატივი ამ რადიუსს. 100 მეტრის იქით ყველას აქვს უფლება, მათ შორის, შესაძლებლობაა, რომ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინონ". – ამბობს პაპუაშვილი.

ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

უბნებთან არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა უკვე გაავრცელა. დარღვევებზე საუბრობს ასევე საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI). მათი ცნობით, მარნეულში ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, მესამედ კი ვეღარ შეძლო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები