არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ისანში უბნებზე ევროპული საქართველოს დაბრენდილი მანქანები ჩერდებიან – აგიტაციაა

იმედი

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა დარღვევბზე ისაუბრა, რომელიც, მათი ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე აღრიცხეს. პარტიის ინფორმაციით, ისანში, 39-ე და 45-ე უბანზე ევროპული საქართველოს კანდიდატის, ბესიკ დონაძის დაბრენდილი მანქანები მოძრაობენ და უბანთან ჩერდებიან, რაც, მათი შეფასებით, შეიძლება აგიტაციად ჩაითვალოს. 

პაპუაშვილის თქმით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 37-ე უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი, მაშინ, როცა ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ. მისივე ცნობით, ქობულეთში, მე-6 საარჩევნო უბანში, ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ გოხიძე უბანზე დისტანციის დარღვევით იდგა. 

"ბათუმში, მე-60 საარჩევნო უბანზე ენმ-ის კოორდინატორი უბანთან სიებით ამომრჩეველს აღრიცხავდა. ჩოხატაურში, ხევის 34-ე საარჩევნო უბანზე 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯემალ ბერიძე. წეროვანში მე-40 საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, გია ჩიტიშვილი არღვევს 100-მეტრიან დისტანციას. ბათუმში, 64-ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები სიებით ამომრჩეველს აღრიცხავენ, ესეც გახლავთ დარღვევა". - ამბობს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში ქართული ოცნება ე.წ. კარუსელებს აორგანიზებს. 

"კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საარჩევნო დღესთან და ჩვენთან არ აქვთ. მით უმეტეს, კარუსელებთან დაკავშირებით, მთელმა საქართველომ იცის, რომ ზღაპარია ამაზე საუბარი, როგორც წინა არჩევნებზე ცდილობდნენ ამის გავრცელებას და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია. ესეც კატეგორიულად გვინდა, უარვყოთ". - ამბობს პაპუაშვილი.  

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები