რუსეთი

რუსეთში რედაქტორი, რომელიც ნავალნის მოწამვლის საქმეს იძიებდა, ძებნილად გამოაცხადეს

რომან დობროხოტოვი
Reuters

რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საგამოძიებო მედია The Insider-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი ძებნილად გამოაცხადა. დობროხოტოვის ძებნილად გამოცხადებას თავის ჟურნალისტურ, საგამოძიებო საქმიანობას უკავშირებს. 

დობროხოტოვს რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ. Reuters-სთან საუბრისას ჟურნალისტი ამბობს, რომ საზღვარგარეთაა და თავისი მდებარეობის დაკონკრეტება არ სურს.

ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, პოლიციამ დობროხოტოვის ოჯახის კუთვნილი ორი ბინა გაჩხრიკა და მისი მშობლებს ტელეფონები და კომპიუტერები ჩამოართვა. დაკითხვაზე წაიყვანეს დობროხოტოვის ცოლი. ჟურნალისტის ადვოკატის იულია კუზნეცოვას თქმით, რომან დობროხოტოვი ძებნაში 23 სექტემბერს გამოაცხადეს.

​როგორც დობროხოტოვი ამბობს, მას პოლიციამ პასპორტი ივლისში ჩამოართვა. რაც დაკავშირებულია ცილისწამების საქმესთან, რომელზეც დობროხოტოვს მოწმის სტატუსი აქვს. დობროხოტოვი პოლიციას უკანონო მოქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რუსეთის დატოვების სრული უფლება ჰქონდა. სექტემბრის დასაწყისში დობროხოტოვი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კონფერენციას დაესწრო, რომელსაც ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებიც ესწრებოდნენ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებებს ის აბსურდულს უწოდებს.

"ნათელია, რომ ეს არის, პირველ რიგში, ჩემზე ზეწოლის საშუალება და მეორე - მცდელობა, გაირკვეს სად ვარ და რას ვიძიებ ამჟამად." - თქვა დობროხოტოვმა.

ცილისწამების საქმე ბლოგერ მაკს ვან დერ ვერფის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს. დობროხოტოვმა ვერფზე თქვა, რომ ის რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოსთვის (GRU) მუშაობს და დეზინფორმაციას ავრცელებს.

The Insider რუსეთის კრიტიკული მედიაა, რომელიც სხვადასხვა ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. გასულ წელს Insider-ი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში მონაწილეობდა Bellingcat-თან, CNN-თან, Der Spiegel-თან და El Pais-თან ერთად. 


The Insider-ი ერთ-ერთია იმ დამოუკიდებელ მედიებს შორის, რომელიც წელს რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის დუმის არჩევნებამდე, რომელიც 16-19 სექტემბერს ჩატარდა მედიაზე წნეხი განსაკუთრებულად გაიზარდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, რომელშიც უცხოეთის აგენტი მედიები შეჰყავთ, ახლა 40-ზე მეტი სუბიექტია შესული. 2021 წლის აპრილიდან უცხოეთის აგენტად გამოცხადდა დამოუკიდებელი მედია მედუზაპირველი ანტიკორუფციული მასმედია, VTimes-ი, რომელიც მალევე დაიხურა, და The Insider-ი და. აგვისტოში უცხოეთის აგენტად გამოცხადდა რუსეთის მთავარი დამოუკიდებელი მედია Дождь-ი და საგამოძიებო გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები და სიაში ასევე მოხვდნენ პროექტისრადიო თავისუფლებისა და ღია მედიების ჟურნალისტები. გარდა ამისა პროექტი არასასურველ ორგანიზაციადაც გამოცხადდა, ხოლო МБХ მედია და ღია მედიები საიტების დაბლოკვის შემდეგ დაიხურა. უცხოეთის აგენტად გამოცხადების გამო იხურება, ინტერნეტგამოცემა NEWSru.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები