რუსეთი

რუსეთის მთავარი დამოუკიდებელი მედია Дождь უცხოეთის აგენტად გამოცხადდა

რუსეთში მთავარი დამოუკიდებელია Дождь და საგამოძიებო გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები "უცხოეთის აგენტად" გამოცხადდა. ასევე უცხოეთის აგენტთა სიაში ფიზიკური პირები შეიყვანეს. მნიშვნელოვანი ისტორიების მთავარი რედაქტორი რომან ანინი და სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები.

Дождь უკვე რამდენიმე წელია წნეხის ქვეშ ექცევა. არხმა მაუწყებლობა 2010 წელს დაიწყო. 2014 წელს არხის მიერ ლენინგრადის ბლოკადაზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აქტიური კრიტიკა გამოიწვია. თანამგზავრული და საკაბელო ოპერატორების უმეტესობამ არხი თავისი ქსელებიდან ჩახსნა, მოგვიანებით კი Дождь-მა რეკლამის განთავსების შესაძლებლობა დაკარგა, რამაც არხის მუშაობას საფრთხე შეუქმნა. Дождь-ი მაყურებლების მხრიდან შემოწირულობებზე მუშაობაზე გადავიდა. საპროტესტო აქციების გაშუქებისთვის არხს კრემლის პრესკონფერენციებზე აღარ იწვევენ ხოლო Дождь-ის გენერალური დირექტორი ნატალია სინდეევა საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს.

მნიშვნელოვანი ისტორიები ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მას რომან ანინი, ნოვაია გაზეტას ყოფილი გამომძიებელი-ჟურნალისტი ხელმძღვანელობს. გამოცემა პუტინის სავარაუდო სიძესთან, კირილ შამალოვთან, "პრეზიდენტის მეგობრების" ოფშორულ გარიგებებთან და როსნეფტთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა.  2021 წლის აპრილში გამოცემის რედაქციასა და ანინის ბინა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკის მიზეზი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო. საქმე 2016 წელს აღძრეს რომან ანინის მიერ ნოვაია გაზეტასთვის როსნეფტის მაშინდელი ხელმძღვანელის ცოლის იახტაზე მომზადებული მასალისთვის.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, რომელშიც უცხოეთის აგენტი მედიები შეჰყავთ, ახლა 43 სუბიექტია შესული. მათგან 25 ფიზიკური პირია. 2021 წლის აპრილიდან უცხოეთის აგენტად გამოცხადდა დამოუკიდებელი მედია მედუზა, პირველი ანტიკორუფციული მასმედია, VTimes-ი, რომელიც მალევე დაიხურა და The Insider-ი. სიაში ასევე მოხვდნენ პროექტის, რადიო თავისუფლებისა და ღია მედიების ჟურნალისტები. გარდა ამისა პროექტი არასასურველ ორგანიზაციადაც გამოცხადდა, ხოლო МБХ მედია და ღია მედიები საიტების დაბლოკვის შემდეგ დაიხურა. უცხოეთის აგენტად გამოცხადების გამო იხურება, ინტერნეტგამოცემა NEWSru.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები