ფარული მოსმენები

პრემიერი ლილუაშვილზე: სუს-ის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი გვყავს

"ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი". – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს და მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან, შესაძლოა, "კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები" და რა არის ფაბრიკაცია, ხოლო "ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნისადმი სამსახურისთვის". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები