უვიზო მიმოსვლა

EUobserver: საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის EU უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და  მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს

EUobserver-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარია მათ მიერ ნანახ, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთ ბალკანეთში დაგეგმილ ვიზიტამდე. 

საკითხის განხილვის ინიციატორები, როგორც ჩანს, გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან. 

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებს – 2010-დან, მოლდოვის მოქალაქეებს – 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი – 2017-დან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გაჩერება 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

უვიზო მიმოსვლა ევროპული კომისიის მიერ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევად ევროკავშირსა და ბალკანეთის, ასევე აღმოსაველთ პარტნიორობის ქვეყნების შორის ურთიერთობების მხრივ.

თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ ვიზის შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ასევე იგივე საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

გავრცელებულ ანგარიშში გერმანიისთვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები უცხოელთა კანონის დარღვევის მხრივ, პირველ 10 ქვეყანაში არიან. ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ამ ათეულში ალბანეთი მეორე ადგილზეა, უკრაინა მეხუთეზე, სერბეთი მეშვიდეზე, მოლდოვა მეცხრეზე, საქართველო კი მეათეზე. 

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 თვე 2019 წლის ამავე პერიოდს რომ შევადაროთ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები 51%-ით არის გაზრდილი. 

მოლდოვას მოქალაქეების მიერ ამ წლის ივნისი-აგვისტოში თავშესაფრის მოთხოვნები შედარებულია 2019 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებთან. წელს შემთხვევები 429%-ით არის გაზრდილი. 

"თუ ეს ქვეყნები გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს იზამენ, ჩვენი აზრით, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა", – წერია ანგარიშში. 

იტალია უკმაყოფილოა მოლდოვათი, საფრანგეთი ქართველებითა და ალბანელებით. 

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მიერ თავშესაფრისთხოვნის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება ჩეხეთშიც. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავენ.

კომენტარები