13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ სისტემის ინფორმაციით, მეუფე იობი და ილარიონი მიტროპოლიტ პეტრეს მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს იზიარებდნენ.
მიტროპოლიტი პეტრე 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის კათედრიდან გადააყენეს და შეუჩერეს მღვდელმოქმედება. სინოდიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა მედიას განუცხადა, რომ "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი". მოგვიანებით, მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ მოწმეებად ჰყავს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლები.
ფაილებით, მიტროპოლიტის სანქცირებიდან მეორე დღის საღამოს, საქართველოს ეკლესიის კიდევ ორი მღვდელმთავარი ეთანხმებოდა სანქცირებული ეპისკოპოსის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს და საუბრობდა “ფაქტებზე”, რომელიც, მათი ინფორმაციით, ჭყონდიდელყოფილს აქვს.
[01.11.19, 20:32:10]: მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილსა და რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობი აქიაშვილს შორის შედგა შემდეგი სახის საუბარი:
ილარიონი - პეტრემ თუ არ დადო რეალური ფაქტები, ცოდო იქნება.
იობი - მე ვიცი ბევრი ფაქტი, მის ნათესავს დავუკავშირდი და რათ მინდა პეტრეო, მე მივუყვან 3 მოწმესო.
ილარიონი - კი, მეც ვიცი ეს ყველაფერი, ეს უნდა მოხდეს!
იობი - პეტრე რომ არ ტყუის... მე მისი მჯერა, რომ (პატრიარქი) ესეთია და ესეთი რამეები ხდება.
ილარიონი - კი, მაგ მხრივ არავითარი პრობლემა არ მაქვს მეც, რასაც ის ამბობს. მაგრამ იმ ცხრა წლიან პერიოდზე რატომ არაფერს ამბობდა თავის დროზე? ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ. რაღაც ვთხოვე და გვერდში არ დამიდგა პეტრე, ახალაიებთან ახლოს რომ იყო. მაგრამ ყველამ განიცადა პეტრეს გადადგომა.
იობი - გაბედულება არავის არ აღმოგვაჩნდა, მაგას მეტი ფაქტი აქვს, ეგ ფაქტები რომ მე ან თქვენ გქონოდათ, შეიძლება მაგაზე მეტი გაგვეკეთებინა.
ილარიონი - ხო, მაგრამ შედეგი? ეგ წავიდა ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო.
იობი - დაჩქარდება პროცესები და ყველაფერი ღვთისმადლით კარგად იქნება. ილარიონი - იყოს ნება ღვთისა.
მე მომხრე ვარ, ჩემიდან დაიწყონ პირველი და მე ვიქნები სამსჯავროზე, ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ.
იობი - სჯობს გამოაშკარავდეს, ვიდრე დაფარული იყოს და ყარდეს ამ დაფარულში.
ილარიონი - გეთანხმებით აბსოლიტურად მაგ მიმართებაში, იმიტომ რომ ეს როცა იქნება, მაინც მოხდება.
აღსანიშნავია, რომ იმავე ფაილებით, იმავე დღეს, ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მხარდაჭერა გამოუცხადა.
"იობი აქიაშვილი დაუკავშირდა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელსაც მოუწოდა სიმშვიდისკენ და განუცხადა - "მალე სიმართლე იზეიმებს, რაც სინოდზე მოხდა, იყო წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი. ის მღვდელმთავრები, რომლებიც ყველაზე მეტს ყვიროდნენ, სხდომის წინა დღეს შეიკრიბნენ და წინასწარ დაგეგმეს პროცესების ამ ფორმით განვითარება. ფაქტიურად სინოდს თქვენთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მხოლოდ პატრიარქმა წაიკითხა განჩინება და დაასრულა სხდომა". აქიაშვილმა ასევე განმარტა - "ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ რუსული ფრთა ძლიერდება, ვინც აქტიურობდა, ყველა რუსული იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ, სერგის (სავარაუდოდ გულისხმობს ნეკრესის მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს) სულიერი შვილები არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ყველაფერი".
საუბრის დასასრულს, აქიაშვილმა ცაავას განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ესტუმროს ჭყონდიდის ეპარქიაში და ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა".
საგულისხმოა, რომ ამა წლის მარტში, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრეს მიერ წარმოთქმული ბრალდებების კონტექსტში ახსენა “უაზრო ვიდეოები” რომელსაც მისი წინამორბედის მომხრე მღვდლები “ატრიალებენ”.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას მის წინამორბედს, მეუფე პეტრე ცაავას ცილისმწამებელი უწოდა და თქვა:
"ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და ამის მერე შენ იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს. ვინც შეამოწმა, რა არის და ამდენი სასულიერო პირი ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს, მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი. ეს არის ცილისწამება, ამ ცილისწამებაზე შესაბამისად ისჯება ყველა, ვინც დასწამებს ნებისმიერ ადამიანს. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ვინც გინდა იყოთ, თქვენზე რომ იძახონ, რომ ასეთია, ასეთია, ასეთია და არავითარი ბრალდება არ იყოს წაყენებული შესაბამისი და არანაირი განხილვა არ მოხდეს. განხილვა იმიტომ კი არა, ესეიგი არ მოხდა განხილვა, მე რამდენჯერ დავაყენეო და არაფერი არ დაუყენებია. რომ დააყენო, წერილობით ასე წერია რჯულის კანონში, რომელსაც ესენი და ის მე-6 კანონი ზუსტად, რომელსაც ცალმხრივ იყენებენ და ატყუებენ ხალხს თითქოს ეს ბრალდება გააჟღერა მან კანონიერად". – ამბობდა მიტროპოლიტი.
მოგვიანებით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ იმავე ეპარქიის სხდომის ჩანაწერიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ მღვდლები მართლაც საუბრობენ მამხილებელ კადრებზე.
ტაბულამ მაშინ იღუმენ დანიელ გვილავას ჰკითხა, იცოდა თუ არა, რა "ვიდეოების ტრიალზე" საუბრობდა მიტროპოლიტი სტეფანე და რა კადრებს ახსენებდა თავად ეპარქიის სხდომაზე. იღუმენმა ჩვენთან საუბრისას კადრების არსებობა არ უარყო.
"ეგ საეკლესიო ფორმატში სალაპარაკო თემაა და ტელეფონში და ჟურნალისტებთან სალაპარაკო თემა არაა". – უთხრა ტაბულას იღუმენმა დანიელმა.
ტაბულამ მას შეახსენა, რომ მასალა, რომელიც მის ციტატებს ასახავს, თავად საპატრიარქომ გამოაქვეყნა.
"გამოაქვეყნა და ეგ თავიანთი დანაშაული იყო, ამ თემაზე ვერ დაგელაპარაკებით. აუ, ახლა ერთხელ რომ გეტყვით, გასაგები იქნეს. მაგი საეკლესიო ფორმატში სალაპარაკო თემაა და არ არის საჟურნალისტო". – უთხრა ტაბულას მღვდელმა დანიელმა.
საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელებას 17 სექტემბერს გამოეხმაურა და ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებული უწოდა. საპატრიარქოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს.
13 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულმა ფაილებმა, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.
14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.