აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირიმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. საუბრისას კრამერი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებს და აღნიშნა, რომ საზოგადეობაზე დაკვირვების საყოველთაო კამპანია სკანდლია.
"თუ ფაილები მართალია, და როგორც ჩანს მათში არის სიმართლე, ისინი მიუთითებს უშიშროების სამსახურების მიერ ქართულ საზოგადოებაზე დაკვირვების საყოველთაო კამპანიაზე. დიდად არ მიკვირს, რომ საქართველოს მთავრობას აკვირდება, რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, მთავრობები ამას ყოველთვის აკეთებენ, ისინი აკვირდებიან სხვების კომუნიკაციას, მაგრამ მასობრივი დაკვირვება სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, ეკლესიაზე, ოპოზიციაზე, სკოლის დირექტორებზე - ეს სკანდალია. იმედია, ამას ბოლომდე გამოიკვლევენ. ეს არის საყოველთაო თვალთვალის პროექტი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და ამას არ უნდა აკეთებდეს ქვეყანა და მთავრობა რომელსაც დასავლეთთან დაკავშირება სურს." – თქვა დევიდ კრამერმა.
- კრამერი: ოცნება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ქმნის არჩევნებისთვის პრობლემურ გარემოს
- კრამერი: საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკური მისწრაფებები
13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.
14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.