არჩევნები 2021

ოცნება: ჩვენი სოციოლოგიური კვლევით, კახა კალაძეს 57.9% უჭერს მხარს

instagram.com/kakhakaladze/

ქართული ოცნების ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს და კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კახა კალაძე გამოკითხულთა 57.9%-მა დაასახელა.

მათივე ინფორმაციით, ნიკა მელიას 27.8% უჭერს მხარს, გიორგი გახარიას 5.3%, ანა ბიბილაშვილს - 2.5%, გიორგი ლომიას - 2.1%, ანა დოლიძეს - 1.6%, თამარ კეკენაძეს - 0.6%, მიხეილ ქუმსიშვილს - 0.5%, სხვა კანდიდატებზე კი 1.7% გადანაწილდა. 

"კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგოს.

ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი". - ამბობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი.   

მათივე ცნობით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ქართულ ოცნებას 50.9% მისცემდა ხმას, ენმ-ს - 25.2%, საქართველოსთვის - 5.7%, გირჩი-მეტ თავისუფლებას - 3.4%, პატრიოტთა ალიანსს - 3.1%, ლელოს - 2.9%, მოქალაქეებს - 2.6%, მესამე ძალას - 1.7%, ევროპულ საქართველოს - 1.1%, ლეიბორისტულ პარტიას - 0.9%, გირჩს - 0.4%, სხვა პარტიებზე კი 2.1% გადანაწილდა.

ამილახვრის ინფორმაციით, კვლევა 16-20 სექტემბერს ჩატარდა და 2 792 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები