ნამახვანჰესი

აბრამიშვილი ნამახვანჰესზე: ქვეყანა ასეულობით მილიონ დოლარს იზარალებს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი, ნამახვანჰესის მშენებლი კომპანიის, ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას ეხმაურება და მიაჩნია, რომ კონტრაქტის შეწყვეტით ქვეყანა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს იზარალებს და დაკარგავს როგორც სტრატეგიულ ინვესტორს, ასევე სტრატეგიულ პროექტს, რაც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს.

"სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ეს იქნება დავის საგანი, ჯერ დადასტურებული არაფერია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუ შეწყდება კონტრაქტი, ეს არავის გამარჯვება არ იქნება, გარდა ჩვენი მეზობელი რუსებისა. ჩვენი ქვეყანა იზარალებს ასეულობით მილიონ დოლარს, რომლითაც დაჯარიმდება და ჩვენ დავკარგავთ, ერთის მხრივ, ძალიან სტრატეგიულ ინვესტორს და მეორეს მხრივ, სტრატეგიულ პროექტს, რომელიც ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და ჩვენ გავაგრძელებთ დამოკიდებულებას ჩვენ მეზობელ ქვეყნებზე", - ამბობს აბრამიშვილი.

აბრამიშვილის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა შეუქმას კომპანიას შესაბამისი პირობები ადგილზე სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 

"ეს ფორსმაჟორი გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა, რომ კომპანიას არ აქვს საშუალება გააგრძელოს მშენებლობა, პირველი ფორსმაჟორის დადგომიდან გარკვეული დროის გასვლაა საჭირო კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობამდე და როგორც ჩანს, მოახლოვდა ეს დრო. ფორსმაჟორი რომ იყოს რაღაც ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ. ჩვენ ქვეყანას არ მოუწევდა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა მივიდეს ობიექტამდე და გარკვეული დაჯგუფებები კეტავენ გზას და ბლოკავენ, ცხადია, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კომპანიას ამის შესაძებლობა მისცეს", - თქვა აბრამიშვილმა.

ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. 

კომენტარები