ნამახვანჰესი

კობახიძე ნამახვანჰესზე: შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ეხმაურება ENKA-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. კობახიძის თქმით, ეს "სამწუხარო ფაქტია" და აღნიშნავს, რომ მთავრობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს. 

"ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ. კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს.

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით წარიმართებოდა, თუმცა  რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს.

კომენტარები