ფარული მოსმენები

ზარქუა მოსმენებზე: ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება მოსმენები ცალკეული პირების მიმართ

ირაკლი ზარქუა

უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სანქცირებული მოსმენები ცალკეული პირების მიმართ ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება. 

"ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება სანქცირებული მოსმენები ცალკეული პირების მიმართ, მითუმეტეს საქართველო, რომელიც არის საჯილდაო ქვა, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთაშია. არ ჩამოგითვლით ეხლა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ". - ამბობს ზარქუა. 

საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში სუს-ის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა.

13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები