ფარული მოსმენა

ხაზარაძე ფაილებზე: აუცილებელია სხდომის ჩანიშვნა, ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის დაბარება

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სუს-ის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.

"პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო, სადაც წარმოდგენილი არის როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ამიტომ ჩვენი ვალია, ოპოზიციის ვალია, რომ ის მანკიერი დანაშაულები, რაც შეიძლება სწრაფად გამოვამზეუროთ [..] აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა, აუცილებლად მიმაჩნია ლილუაშვილის დაბარება და პრემიერმინისტრის დაბარება, რომ მათ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა". - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ლელოს ინიციატივას არ ეთანხმება ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. მათი თქმით, ამ ვითარებაში საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებას აზრი არ აქვს და მთავარია 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე კონცენტრირება.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები