ფარული მოსმენა

დეკანოიძე ლელოს ინიციატივაზე: სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციიის საერთო მერობის კანდიდატი ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლელოს ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ თავდაპირველად მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის რეფერენდუმისთვის მობილიზება და შემდგომ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სიღრმისეული რეფორმების დაწყება.

"სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ჩვენ ყველა ველზე ვართ გასული. პრაქტიკულად დეპუტატების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქალაქებშია გადანაწილებული და ვიბრძვით ამ რეფერენდუმისთვის, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ჩატარდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმი, მას შემდეგ ჩვენ ძალიან მალე მივუბრუნდებით ამ საკითხს. არა მხოლოდ საპარლამენტო სხდომაზე, არამედ ძალიან სიღრმისეულად მივუდგებით რეფორმებს". - ამბობს ხატია დეკანოიძე

ლელო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები