არჩევნები 2021

გაბუნია ბანერებზე: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება უფრო გაძლიერება და არა გადაფარვა

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით". – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის ბანერების სიძულვილის გამაღვივებელი ბანერებით შეცვლას.

გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს და  ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა.

კითხვაზე, თუ როგორი პოზიიცია აქვს ბანერების შეცვლაზე ჯანდაცვის სამინისტროს, გაბუნია განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც "ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს".

"რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს უკვე ეს საკითხი წამოწეული და დაწყებული". – ამბობს თამარ გაბუნია.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ აცრისკენ მოწოდების ბანერებს სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები გადააკრა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები