ფარული მოსმენები

ჩანაწერებში მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ ბავშვს აკოცა – ფაილებით, შემჩნეულია პედოფილიაში

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან ბავშვს აკოცა. ფაილებში მეუფე სერაფიმე კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზს ესაუბრება და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ მედიასთან ამ თემაზე საუბარს აპროტესტებს. საუბრიდან ირკვევა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ბოდბელ მიტროპოლიტ მეუფე იაკობსაც.​

"[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა მისი (ჯოჯუას) მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შინაარსის მესიჯების გაგზავნის ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა მღვდელმთავრის ეპარქიიდან გაძევება. ს.ჯოჯუა მიიჩნევს, რომ ხსენებული ამბის გაცოცხლება მიზნად ისახავს მის სამუდამოდ დაბლოკვას და ქვეყნიდან გაქცევის იძულებას. მიტროპოლიტმა საუბარში განაცხადა – "მე იმ ბავშვს ვაკოცე, ამის გამო მე ბოდიში მოვუხადე, ბავშვმა მითხრა ნუ ნერვიულობ არავინ გაიგებსო". – ვკითხულობთ სუს-დან გამოჟონილ ფაილებში.

ფაილების თანახმად, სერაფიმე ჯოჯუა ამბობს, რომ ამბის გახმაურების შემდეგ მოზარდის მშობლებმა "დიდი ქონება იშოვეს, გახსნა ოფისი, შეიძინა მანქანები და ა.შ." სასულიერო პირის თქმით, თუ მოზარდის მშობელი კვლავ დაიწყებდა მის საწინააღმდეგო კამპანიას, მაშინ იგი ყურადღებას გაამახვილებდა "არასრულწლოვნის საქმის მანიპულაციებით ოჯახის მოულოდნელ გამდიდრებაზე".

გავრცელებული ფაილებიდან ერთ-ერთში, სახელწოდებით "მრუშები", ნათქვამია, რომ მეუფე სერაფიმე ჯოჯუა შემჩნეულია პედოფილიაში. დოკუმენტის თანახმად, მას ასევე "გარყვნილი შინაარსის სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო შეექმნა პრობლემები".

სუს-ის ერთ-ერთ ფაილში ასევე საუბარია, რომ მეუფე დანიელი კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დაუკავშირდა და მისგან მიიღო დავალება, მოეგვარებინა უთანხმოება მეუფე სერაფიმესა და იმ გოგოს ოჯახს შორის, რომელზეც, ბრალდების მიხედვით, არასრულწლოვნების დროს მიტროპოლიტი სექსუალურად ძალადობდა. 


2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოეძიებინათ.

მიტროპოლიტი სერაფიმე გათავისუფლების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა. სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში შეკრებილ მრევლს, მეუფე სერაფიმემ განუცხადა, რომ "ჩემი სურვილია დავრჩე ათონის მთაზე, ერთი რამ მინდა განგიცხადოთ, შინაურულად, მე რომ ცოცხალი ვარ, მადლობა შესწირეთ უწმიდესს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც ვიცოდი ბავშვობიდან, რომ ჩვენი უწმიდესი არის ცოცხალი წმინდანი". – თქვა მეუფე სერაფიმემ. 

სინოდის განჩინების გარეშე, ათონიდან დაბრუნებულ მიტროპოლიტ სერაფიმეს ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში ნიშნავდნენ, თუმცა, ადგილობრივმა მღვდლებმა ეპისკოპოსის მიღებაზე უარი განაცხადეს მის მიმართ არსებული "უმძიმესი ბრალდებების გამო".

"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის". – ნათქვამი იყო 2017 წლის იანვარში გამოცემულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სამი სასულიერო პირი აწერდა.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავად თქვა უარი ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში გამგზავრებაზე, ის ბოლო პერიოდამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქთან ერთად სწირა.

მიტროპოლიტ სერაფიმეს, ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. ოჯახის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები