ფარული მოსმენები

პატრიარქის დავალებით მეუფე დანიელი მეუფე სერაფიმესა და მსხვერპლი ბავშვის ოჯახს არიგებდა

მეუფე დანიელი (მარცხნივ) და მეუფე სერაფიმე (მარჯვნივ)

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში საუბარია, რომ მეუფე დანიელი კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დაუკავშირდა და მისგან მიიღო დავალება, მოეგვარებინა უთანხმოება მეუფე სერაფიმესა და იმ გოგოს ოჯახს შორის, რომელზეც, ბრალდების მიხედვით, არასრულწლოვნების დროს მიტროპოლიტი სექსუალურად ძალადობდა. 

"საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუასთან საუბარში აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში ს.ჯოჯუას მხრიდან არასრულწლოვან [...]-თან მომხდარი ინციდენტის (გასაჯაროებულ იქნა ს. ჯოჯუას მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის მიწერა) და მის ოჯახთან არსებული დაპირისპირების გამო, მრევლი და სასულიერო პირები ორად არიან გაყოფილი, რაც ცუდად აისახება როგორც ს.ჯოჯუაზე, ასევე [მსხვერპლის] ოჯახზე. დ.დათუაშვილის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა პატრიარქს, რომელმაც დაავალა პრობლემის მოგვარება და ზუსტად აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს დაუკავშირდეს [მსხვერპლის] დედას, [...] და აცნობოს, რომ ს. ჯოჯუა მზადაა შეუნდოს [მსხვერპლის ოჯახს] მის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები, რის გამოც მიტროპოლიტს მოუწია ეპარქიის დატოვება", – ვკითხულობთ სუს-ის თანამშრომლების გავრცელებულ მიმოწერაში, ერთ-ერთის ცნობას.

ცნობაზე ერთ-ერთი თანამშრომელი აკეთებს კომენტარს: "ამან უნდა შეუნდოს თურმე, ვააა, კარგია რა. ეტყობა პატრიარქს უნდა ამის დაბრუნება".


2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოეძიებინათ.

მიტროპოლიტი სერაფიმე გათავისუფლების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა. სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში შეკრებილ მრევლს, მეუფე სერაფიმემ განუცხადა, რომ "ჩემი სურვილია დავრჩე ათონის მთაზე, ერთი რამ მინდა განგიცხადოთ, შინაურულად, მე რომ ცოცხალი ვარ, მადლობა შესწირეთ უწმიდესს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც ვიცოდი ბავშვობიდან, რომ ჩვენი უწმიდესი არის ცოცხალი წმინდანი", - თქვა მეუფე სერაფიმემ. 

სინოდის განჩინების გარეშე, ათონიდან დაბრუნებულ მიტროპოლიტ სერაფიმეს ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში ნიშნავდნენ, თუმცა, ადგილობრივმა მღვდლებმა ეპისკოპოსის მიღებაზე უარი განაცხადეს მის მიმართ არსებული "უმძიმესი ბრალდებების გამო".

"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამი იყო 2017 წლის იანვარში გამოცემულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სამი სასულიერო პირი აწერდა.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავად თქვა უარი ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში გამგზავრებაზე, ის ბოლო პერიოდამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქთან ერთად სწირა.

მიტროპოლიტ სერაფიმეს, ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. ოჯახის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა.

კომენტარები