ფარული მოსმენები

ხატია დეკანოიძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციიის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ქუთაისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. 

ის ადასტურებს, რომ სუს-ის მიერ გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებში იყო მისი საუბარი სხვადასხვა საელჩოს წარმომადგებლებთან და სხვა პირებს, ვისაც მასალების მიხედვით უსმენენ, მოუწოდებს, სარჩელი შეიტანონ სხვადასხვა საოლქო პროკურატურებში. 

"მე ვფიქრობ, რომ ყველამ ვისზეც არის ინფორმაცია და გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. 

ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, ეს იყო რეალურად ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებს შორის. ამიტომ, მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. არ მქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა ან სუს-ი, ან შსს გამოიძებს ამ მასიურ ტოტალურ კონტროლს, მაგრამ როცა ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, როცა გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ კონტროლს გააპროტესტებს იქნება გამოძიებული. 

ეს მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე უნდა იყოს საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურაში". - ამბობს დეკანოიძე. 

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები