არჩევნები 2021

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმმა აგრესიულად გვითხრა, რომ უარს ამბობს ჩვენს თავისუფალ მომავალზე

ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა ჩვენი ქვეყანა. ივანიშვილის რეჟიმმა ის პოლიტიკა, რომელსაც წლებია ატარებდა და იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ ახალ ხარისხში გადაიყვანა. ღიად კი არა, აგრესიულად გვითხრა, რომ უარს ამბობს ჩვენს თავისუფალ მომავალზე. არა მარტო ამ პოლიტიკური თაობის, ამ პოლიტიკური ეტაპის არჩევნებზეა ლაპარაკი, არამედ მრავალი თაობის შანსზე, რომ ნორმალურ, თავისუფალ, ევროპულ, თავისუფალი სამყაროს ნაწილ ქვეყანაში იცხოვროს.

ამასთან ერთად ეს რეჟიმი ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს. ნერგავს ცილისწამების, სიცრუის და უზნეობის ნიაღვარს, როგორც ნორმას. გვასწავლის, რომ, თითქოს, თავისუფლება და ჩვენი ეროვნული იდენტობა შეუთავსებელია. თითქოს, ჩვენი ისტორიული გმირები, ვინც იყვნენ შემქმნელები თანამედროვე სახელმწიფოსი და საზოგადოების, იყვნენ ისეთივე შეუწყნარებელი შავრაზმელები, როგორც დღეს მათ მიერ წახალისებული პროპუტინური ჯგუფები, რომ თითქოს ეს ჩვენი ეროვნული თვისებებია. ამ დროს ყველაფერი პირიქითაა, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა და სცადა კომუნისტურმა, საბჭოთა რუსულმა რეჟიმმა.

თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი ყველა პირი მე-19 საუკუნეში იყო ფუნდამენტურად თავისუფალი ევროპული არჩევანის მატარებელი. ტრადიციული გაგებით, ლიბერალური ღირებულებების მატარებელი და არ არის შემთხვევითი, რომ ილია ჭავჭავაძეს ასე ესხმოდნენ თავს - ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალია. ამიტომაა, რომ ჩვენ გზავნილში ვიყენებთ იმ ადამიანების ფუნდამენტურ მოწოდებებს, რომლებსაც დღეს სახელები რომ მოაცილო, ილიას, ვაჟას, ვინც ამ თემებზე საუბრობს, შეიძლება მტრებად გამოაცხადონ დღევანდელი მთავრობის პროპაგანდის ორგანოებმა, იმიტომ, რომ ისინი ზუსტად იმ გზავნილის მატარებლები არიან, რასაც ებრძვის დღევანდელი რეჟიმი ქვეყნის შიგნით და რასაც ებრძვის პუტინის რეჟიმი ქვეყნის გარეთ.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ფორმულას წინასაარჩევნო ეთერში.

კომენტარები