ფარული მოსმენები

ფაილებით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ინფორმაციას აგროვებს და მოსკოვში გზავნის

13 სექტემბერს გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი, მამა ვლადიმერი "ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ" ინფორმაციას აგროვებს და რუსეთში გზავნის. 

"საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, პროტოპრესვიტერმა ვლადიმერ ალექსანდროვმა, რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურ მამა მაქსიმესთან  საუბარში განაცხადა - "საქართველოში ჩემი მთავარი ამოცაანა ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შემდგომ რუსეთის საპატრიარქოს ინფორმირება. პატრიარქი ილია მეორე უკვე მოხუცია, 87 წლისაა და ყველას აინტერესებს რა იქნება მომავალში". - ვკითხულობთ სავარაუდოდ, სუს-ის ჩეტში.  

17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ გავრცელებულ ფაილებზე განცხადება გამოაქვეყნა. საპატრიარქოში ამბობენ, რომ მასალები "სიცრუეზეა აგებული, სიცრუე-სიმართლე აღრეულია, ზოგი სიმართლეს შეიცავს". ასევე, საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება დასჯადია.   

17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, პატრიარქი იყოს დაცული.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები