ფარული მოსმენები

"სეიფის შემოწმება ითხოვა" – სუს-ის ჩეტის მიხედვით, ილია II-ის და მისი დის საუბარს ისმენდნენ

13 სექტემბერს გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, სუს-ი საქართველოს პატრიარქსაც უსმენდა. სუს-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერაში საუბარია, რომ ილია მეორე მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან თავის დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს დაუკავშირდა და საპატრიარქოში თავისი პირადი სეიფის შემოწმება სთხოვა. სუს-ის ჩეტის მიხედვით, პატრიარქსა და მის დას შორის საუბარი 2019 წლის 25 სექტემბერს შედგა.

"ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე, დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი (პატრიარქის) პირადი სეიფი. მოგვიანებით, ნ.შიოლაშვილმა უწმინდესს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. შენიშვნა: საეკლესიო კანონიკის მიხედვით, პატრიარქები პირად სეიფში ინახავენ ანდერძს, რომელიც იხსნება მათი გარდაცვალების შემდგომ" - ნათქვამია სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, პატრიარქი იყოს დაცული.

"მე არ ვიცი, გასარკვევია, უსმენდა თუ არა რეალურად პატრიარქის გარემოცვას და რა მიზნით, მაგრამ მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან. ამაზე ალბათ ვთანხმდებით. ნებისმიერი მოქალაქე უნდა სთხოვდეს მთავრობას, რომ პატრიარქი იყოს დაცული და მისი გარემოცვა იყოს აბსოლუტურად სრული კონტროლის ქვეშ აყვანილი, რა თქმა უნდა, კანონიერად" - თქვა პრემიერმინისტრმა.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

კომენტარები