ფარული მოსმენები

ფაილები: მეუფე შიოს ღამის კლუბების ხმაური აწუხებდა, საკრებულოს ქალაქგარეთ ბინისთვის მიმართა

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ერთ-ერთი ფაილის თანახმად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიო მუჯირს ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში ღამის კლუბებიდან გამოსული ელექტრონული მუსიკის ხმა აწუხებდა, რის გამოც 2020 წლის ივლისში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს თხოვნით მიმართა, ეშუამდგომლა მთავრობასთან ქალაქგარეთ საცხოვრებელი ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით.

"[26.07.20, 13:34:23] 11: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაუკავშირდა ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, რომელსაც სთხოვა, რომ ქალაქგარეთ საცხოვრებელი ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით, უშუამდგომლოს მთავრობის წარმომადგენლებთან. მღვდელმთავრის განმარტებით, მისთვის ქ.თბილისში, კერძოდ ვ.ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრება გახდა გაუსაძლისი, ვინაიდან ღამის საათებში აწუხებს მთაწმინდის პარკში და კუს ტბაზე მოქმედი ღამის კლუბებიდან გამოსული ელექტრონული მუსიკის ხმა. შ.მუჯირი აქვე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული პრობლემის შესახებ, საქმის კურსში ჩააყენა ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები (ვინაობებს არ აკონკრეტებს), რომლებმაც ვერ შეძლეს პრობლემის მოგვარება". – ნათქვამია ფაილებში.

დოკუმენტის თანახმად, მიტრიპოლიტი შიოს თქმით, მას დაბა კიკეთში ბინას სთავაზობდა პუტინისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, თუმცა იგი დათანხმებაზე თავს იკავებდა, რადგან, შესაძლოა, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან უარყოფითად ყოფილიყო აღქმული.

"მისივე თქმით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაბა კიკეთში სთავაზობს საცხოვრებელ ბინას, რაზეც თავს იკავებს იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტი საზოგადოების მხრიდან შესაძლოა აღქმული იქნეს უარყოფითად. შ.მუჯირის განმარტებით, ბინის გამოყოფის თაობაზე შეუძლია უშუალოდ მიმართოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, თუმცა ამ ეტაპზე ეუხერხულება და არ სურს მისი შეწუხება". – ნათქვამია ფაილებში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები