ფარული მოსმენები

სტანო: ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ნაბიჯებს დგამს

Getty Images

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალებთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებს დგამს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სტანო აღნიშნავს, რომ დიპლომატების, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის საუბრების ფარული მიყურადება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაა.

"ეს ძალიან სერიოზული საქმეა, რადგან მას მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის აღსრულების ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ინციდენტის სავარაუდო ხასიათიდან გამომდინარე, ახლა მეტს ვერ ვიტყვით". – უთხრა სტანომ რადიო თავისუფლებას.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. 

მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები