ფარული მოსმენები

სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა, მათ ფარულ მოსმენებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 17 სექტემბერს, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა და ლომჯარიამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

საუბარია 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები