ფარული მოსმენები

გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებმა სუს-თან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს

ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს. აქცია-პერფორმანსი უკავშირდება 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალას, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.  

"ეს არის სუს-ის შენობა. აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი. ახალაც, 2 ოქტომბრის არჩევნები აქედან ჩატარდება. ეს ხალხი არის, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ისინი არიან შემომძვრალი ყველგან - ჩვენს ცხოვრებაში აკონტროლებენ ყველაფერს. თქვენზე ყველაფერი იციან - ყველა თქვენი სუსტი წერტილი, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გიხარიათ, რა არ გიხარიათ, რითი შეიძლება თქვენი გამოჭერა, რითი შეიძლება თქვენი დაშანტაჟება. ამით მართავენ ამ ქვეყანას. 

ეს მორდორი, აქ რომ არის, ზემოდან თვალი აკლია, არის დასანგრევი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი, რაც არის გასაკეთებელი - ეს საგიჟეთი არის დასამთავრებელი. ამათი სიმბოლო ხომ იცით, რაც არის? შკოდა ოქტავიები, რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაინგრეს, დაილეწოს და დაიფშვნას ზუსტად ისე, როგორც ამათი სიმბოლო - შკოდა ოქტავია დაილეწება ახლა". - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ მანქანის დალეწვამდე.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები