Aukus

საფრანგეთი აშშ-ს ავსტრალიასთან შეთანხმებაზე: ზურგში დანის ჩაცემაა, ტრამპს გვახსენებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმებულ უშიშროების ახალ პაქტს. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ჯო ბაიდენი ზურგში დანის ცაცემაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ეს ქმედება, მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ქმედებას გავდა. მსგავსი ხისტი კომენტარი განპირობებულია იმით, რომ ახალი პაქტის შედეგად ჩაიშალა თავდაცვის შეთანხმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის, რომელიც წყალქვეშა ნავებს უკავშირდებოდა და პარიზისთვის საკმაოდ მომგებიანი გარიგება იყო.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ ისინი შექმნიან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონის უსაფრთხოების პარტნიორობას. შეთანხმების შედეგად, ავსტრალია მიიღებს ამერიკულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს. შესაბამისად, ჩავარდა $40 მილიარდიანი შეთანხმება ფრანგულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით. 

"ეს დაუნდობელი, ერთპიროვნული და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება ძალიან მახსენებს იმას, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა ხოლმე. გაბრაზებული და გამწარებული ვარ. ეს მოკავშირეებს შორის არ ხდება", – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა. 

2016 წელს ავსტრალიამ აირჩია ფრანგული გემმშენებელი კომპანია Naval Group-ი, რომელსაც $40 მილიარდის სანაცვლოდ ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა შეექმნა, რათა ამ უკანასკნელს ორი ათწლეულის წინანდელი კოლინსის კლასის წყალქვეშა ნავების ფლოტი განეახლებინა. 

ორი კვირის წინ ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო მინისტრებმა საფრანგეთთან კიდევ ერთხელ დაამტკიცეს 2016 წლის შეთანხმება, ხოლო ივნისში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავსტრალიის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის მიღების დროს, ხოტბას ასხამდა მომავალ მრავალწლიან პარტნიორობას. 

"ეს ზურგში დანის ჩაცემაა. ჩვენ ავსტრალიასთან სანდომიანი ურთიერთობა შევქმენით და ეს ნდობა გატყდა", – ამბობს ლე დრიანი. 

ოთხშაბათს, 15 სექტემბერს ბაიდენმა თქვა, რომ საფრანგეთი ინდო-წყნარი ოკეანეთის ზონაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. 

ასევე ავსტრალიის პრემიერმინისტრმა მორისონმა თქვა, რომ საფრანგეთთან ახლო და პოზიტიური ურთიერთობის გაგრძელებას ესწრაფის. 

"საფრანგეთი ავსტრალიისთვის მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია ინდო-წყნარ ოკეანეში", – თქვა პრემიერმა მორისონმა.

საფრანგეთსა და აშშ-ს შორის უერთიერთობა გართულებული იყო ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

კომენტარები