ფარული მოსმენა

დოკუმენტების მიხედვით, სუს-ი მელაშვილსა და ილიჩოვას გამოძიების დაწყებამდე უსმენდა

სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტების მიხედვით, უწყება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ჯერ კიდევ იმ დროს უსმენდა და უთვალთვალებდა, სანამ მათ მიმართ პროკურატურა გამოძიებას ოფიციალურად დაიწყებდა. 

კერძოდ, ბრალდების მხარემ მელაშვილი-ილიჩოვას მიმართ გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო, დოკუმენტების მიხედვით კი, 1 აგვისტოს მათ უკვე უსმენდა და უთვალთვალებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

1 აგვისტოს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 31 ივლისს 20:00 საათზე ივერი მელაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაუკავშირდა (რომლის ვინაობასაც ტაბულა არ ასაჯაროვებს) და უთხრა, რომ დაუყონებლივ სურს მასთან შეხვედრა და გარკვეული დოკუმენტების გაცნობა. ანგარიშისვე მიხედვით, მაღალჩინოსანმა მელაშვილს კოლეგა ნატალია ილიჩოვას თან წაყვანაც სთხოვა. 

"აღნიშნულის შესახებ ი. მელაშვილმა აცნობა ნ. ილიჩოვას, რომელსაც გაუკვირდა ხსენებული ფაქტი და დაინტერესდა, თუ რა შუაში იყო იგი დაგეგმილ შეხვედრასთან, თუმცა, თანხმობა განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობაზე. 

მოგვიანებით (დაახლოებით 21:00 საათზე) ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. მელაშვილი შეხვდა ნ. ილიჩოვას, საიდანაც ერთად გეგმავდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლას, თუმცა, ნ. ილიჩოვამ ხსენებული შეხვედრის შესახებ აცნობა კ. ც.-ს [სახელი და გვარი დაფარულია ტაბულას მიერ], რომელმაც კატეგორიულად აუკრძალა შეხვედრაზე დასწრება. მოგვიანებით, კ. ც. თავად დაუკავშირდა ილიჩოვას და განუმარტა, რომ ესაუბრა კ.-ს, რომლის თქმითაც "საკითხი უნდა განიხილონ შიგნით", რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება ნ. ილიჩოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტი. მოგვიანებით კ. ც.-მ ნ. ილიჩოვას მიაკითხა თავისუფლების მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ი. მელაშვილი მარტო გაემართა სამინისტროში შეხვედრაზე". – წერია ანგარიშში. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები