ფარული მოსმენები

ჩანაწერების ფიგურანტი: ვიცი, რომ ისმენდნენ, ეს სახელმწიფო საშიშროების სამსახურია

ტელეკომპანია პირველი

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ტელეკომპანია პირველთან საუბარში ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, მისი და მისი ძმის, მამა დავით ჭინჭარაულის საუბარიც არის. 

"ვიცი, ვიცი, ისმენდნენ. ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს.  

დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვთხოვეთ დახმარება. როგორც გამოიკვეთა, უფრო სუსი არ არის, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა". - ამბობს ის. 

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, გავრცელებულ მასალებში წერია:

"მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, აქრიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. ბაზრობა. მიმდინარე წლის 13 მაისს დ. ჭინჭარაული ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება". 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები