ფარული მოსმენები

თანასწორობის მოძრაობა ჩანაწერებზე: წარმოადგენს იძულებითი ქამინგ-აუთის შემთხვევას

თანასწორობის მოძრაობა 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ფარული მიყურადებით გავრცელებული ფაილების გავრცელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერები ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროებისა და იძულებითი ქამინგ-აუთის შემთხვევას წარმოადგენს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გავრცელებული მასალა დეტალურ პირად ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას იდენტობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი/ტელეფონის ნომრებს მოიცავს, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

"ბოლო წლებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გასაჯაროების პრაქტიკა ადამიანების ტოტალური კონტროლის, დაშინების, შანტაჟისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მექანიზმად გამოიყენება. სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ შემთხვევაზე არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება, რაც სრულიად არყევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელია საზოგადოებას ეფექტიანი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების მოლოდინი ჰქონდეს.

მიგვაჩნია, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალები წარმოადგენს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის უხეშ შემთხვევას, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მასალებში ხსენებული ადამიანების საქმიანობას და ფიზიკურ უსაფრთხოებას

ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს: საკითხის გაშუქებისას იხელმძღვანელოს მაღალი ეთიკური სტანდარტებით; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯარობებისას მოერიდოს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოყენებას.

მოვუიწოდებთ საქართველოს პარლამენტს: დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი". – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები