ფარული მოსმენები

SJC მასალებზე: ოცნების პირობებში ინსტიტუციების რყევა შორს წავიდა, გამოძიების იმედი არ გვაქვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 13 სექტემბერს გავრცელებულ დოკუმენტებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მოპოვებულ ინფორმაციას ასახავს. განცხადების მიხედვით, ქართული ოცნების პირობებში, ინსტუტუციების რყევის ფონზე, ეფექტური გამოძიების იმედი არ არის. 

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გავრცელებული მასალა ადამიანების უკანონო, რეგულარული და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის უმძიმეს პრაქტიკას აჩვენებს და ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს.

"ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ცალკეული მონაცემები და ინფორმაცია გავრცელებული დოკუმენტებიდან, რომელიც აჩვენებს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორისა და თანამშრომლის პირადი კომუნიკაცია სხვადასხვა პირთან, სავარაუდოდ, რეგულარულად ისმინებოდა, დოკუმენტირდებოდა და ინახებოდა ორგანიზაციის დაარსების პირველივე წლებიდან. ფიქსირდება არა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის ჩაწერა, არამედ პირად წრესთან კომუნიკაციის ჩაწერაც.

ამასთან, ჩანს, არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, არამედ, სავარაუდოდ, ჩვენი გადააადგილების თვალთვალიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩვენი ადვოკატის მის მარწმუნებლებთან კომუნიკაციის ჩაწერა და კონფიდენციალობის პირობის და გარანტიების უხეში ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის გაზიარებული მასალები აჩვენებს, კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს. ეს გარემოებები აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს". - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არა მხოლოდ უკანონო ჩაწერისა და მიყურადების გამოცდილება, არამედ პირადი ინფორმაციის არასაკმარისი დაცვის პრობლემაც. SJC-ის განცხადების მიხედვით, ფაქტი არაერთი მოქალაქის მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს შედეგებს ქმნის, სუს-ის სისუსტე, დაიცვას მის უწყებაში თავმოყრილი ინფორმაცია, აჩვენებს იმ რთულ გამოწვევას, რომ უწყებას არ გააჩნია ინსტიტუციური მედეგობა სხვა, კიდევ უფრო მაღალი, მათ შორის, საგარეო და ეროვნული მნიშვნელობის ინფორმაცია და მონაცემები დაიცვას.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო დროს სავარაუდო უკანონო მიყურადების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ მოახერხა ადეკვატური რეაგირება და მასშტაბური უკანონო პრაქტიკების ეფექტიანად გამოძიება. მეტიც, სუს-ის მოქმედებისა და მართვის მანკიერი პრაქტიკების გათვალისწინებით, ამგვარი ფაქტების არსებობა და მათი მასობრივი ხასიათი ჩვენთვის ყოველდღიურ მოვლენად და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მუდმივად იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ კერად, სადაც თავმოყრილია ადამიანებზე კონტროლის, დაშინების, მანიპულაციისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმები. ამას ხელს უწყობს სუს-ის ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც მოკლებულია ანგარიშვალდებულების პროცედურებს და ერთი უწყების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას იწვევს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სუს-ის როლი წინასაარჩევნო კონტექსტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვევლინება პოლიტიკური ანგარიშსწორების, დაშინების და არაფორმალური გავლენების გავრცელების წყაროდ. საქართველოში წინასაარჩევნო პროცესები ვერ იძენს დემოკრატიულ შინაარსს, პოლიტიკური ხელისუფლების მიზანი კი სუს-ის მეშვეობით ადამიანებზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიება, მათი ცხოვრების პრივატულ სფეროებში შეღწევა და ინფორმაციული მანიპულაციების წარმოებაა. ბოლო პერიოდში გავრცელებული მასალები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლების და პარტიული ინტერესების გასატარებლად სუს-ის რესურსი დღემდე აქტიურად გამოიყენება".- ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საპატრიარქოს მაღალი იერარქებისა და მღვდლების საქმიანობის და პირადი ცხოვრების მასშტაბური, უკანონო და ყოველდღიური კონტროლი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის, მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ რისკებს შეიცავს და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპსაც არღვევს.

"ჩვენი აზრით, სუს-ის მართვის არსებული პრაქტიკები იმდენად შეზრდილია პოლიტიკური ხელისუფლების პარტიულ ინტერესებს, რომ ფრაგმენტული რეფორმები ან გამოძიების წარმოების იზოლირებული ფაქტები ვერ შეცვლის სისტემის მოქმედების ლოგიკას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუციების რყევის, პოლიტიზირებისა და უნდობლობის პროცესი იმდენად შორის წავიდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების და მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების და სიმართლის დადგენის მოლოდინიც კი აღარ გვაქვს. ეს პოლიტიკური სისტემის კრიზისის უმძიმესი შედეგია და სახელმწიფოებრიობის ბაზისური ჩარჩოების მოშლის ნიშნებს შეიცავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალაუფლება იმდენად ჭარბია, რომ მისი დეკონცენტრაცია და შეკუმშვა ფართო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს და რადიკალურ ინსტიტუციურ რეფორმებს უნდა დაექვემდებაროს. არსებითია, რომ ეს საკითხები საქართველოს პარლამენტის ინტერვენციის და მუშაობის საგანი გახდეს და საპარლამენტო გამოძიებისა და სუს-ის რეფორმირების პროცესი პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში და ლოგიკით წარიმართოს". - წერია განცხადებაში.

SJC-ის შეფასებით, აუცილებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოინახოს გზები, რომელიც სუს-ს აქცევს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულ ორგანოდ. განცხადების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება როგორც ცალკეული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების უხეში ხელყოფა, ასევე, პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი და სამართლიანი განვითარების შეფერხება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს
  • დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე

საქართველოს პროკურატურას:

  • მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

რა უნდა იცოდეთ მასალებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადებითაა მოპოვებული 

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები