ფარული მოსმენები

მელია სუს-ზე: მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავს

ქვეყანა ჭაობში ეფლობა.

უწყება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს მხოლოდ ერთი კაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე და იმაზე, რომ მას ძალაუფლება არ შეერყეს. უწყება, რომელიც სახელმწიფოს მტრებს უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს, უსმენდეს, დასდევს ყველას, სახელმწიფოს მტრების გარდა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც.

და რაც მთავარია, დღეს საზოგადოებას ქალაქების მერებად ტენიან მათ, ვინც გუშინ სწორედ ამ მოსმენებით, თვალთვალითა და მიყურადებით იყო დაკავებული. ბინძურ ამაგს უფასებენ და გეშავენ, რომ ახლა უკვე ღიად და დაუფარავად მართონ ქვეყანა ბინძური მეთოდებით.

და ჩვენც უნებლიედ ისევ ამ ჭუჭყიან საცვლებში ქექვის თანამონაწილეები ვხდებით, ვხურდავდებით და დროს, ენერგიას ვფლანგავთ იმის გარკვევასა და მოსმენაში, ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვისთან იდგა, იჯდა და ა.შ.

არადა ჩვენ თაობას აქვს შანსი, დიდი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ კოშმარს, ხელისუფლებაში იყოს მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ერთი ფერი, როგორც დღესაა. ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე გვგონია, მთავარია მოვიკრიბოთ ძალა, ნებისყოფა, მტკიცე არა ვუთხრათ ამ ბინძურ რეჟიმს, ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვების და ხალხიც ირწმუნებს!

გამარჯვების რწმენა გადამდებია და როცა გწამს გამარჯვების, გამარჯვება გარდაუვალია!

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები