ფარული მოსმენები

მთავარი არხი: პირმა, რომელმაც სუს-იდან ფარული მასალები გამოიტანა, თავი მოიკლა

COUNCIL OF EUROPE

მთავარი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, პირი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები გამოიტანა, უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე​ა და მან 8 ივლისს თავი მოიკლა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ფაილებს თან ერთვის, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის წერილი:

"არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთერთი მეტასტაზი ვარ!

[...] აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!" – წერს პირი, რომელმაც მასალები გაასაჯაროვა.

კომენტარები