ფარული მოსმენები

გახარია ფარულ მასალებზე: მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ეკლესიას

ექსპრემიერი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ მასალებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართულ ეკლესიას.

"რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებით – ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში ამოყენების მცდელობებიც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას.

დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი ვის ინტერესებს ემსახურება, რა არის აუთენტური, რა არ არის, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია – ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, რომ მოქალაქე დაიცავს". – თქვა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მასალების უმეტესობა, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადებითაა მოპოვებული, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. 

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები