არჩევნები 2021

​ხოშტარია: არამყარს, არასანდოს უწოდებენ სკოლის დირექტორს, რომელმაც ჩვენი გვერდები მოიწონა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ელენე ხოშტარია წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ წერს. ხოშტარიას ცნობით, სკოლის დირექტორებზე დოსიეებს აწარმოებენ და დირექტორს, რომლემაც ოპოზიციონერების Facebook გვერდები მოიწონა, არამყარ და არასანდო პიროვნებებად მოიხსენიებენ.

"სკოლის დირექტორებზე აწარმოებენ დოსიეებს და უკონტროლებენ ლაიქებს. "არამყარი, არასანდო პიროვნება" – ასე ახასიათებენ ერთ დირექტორს, რომელმაც ოპოზიციონერების გვერდები დაალაიქა.

კატასტროფაა ეს! აბსოლუტურად ყველას მოგმართავთ, ვინც მსგავსი ან სხვა ზეწოლის ქვეშ გრძნობს თავს, მომმართეთ, ჩუმად, ღიად, როგორც გირჩევნიათ და გპირდებით, ბოლომდე დაგიცავთ. მთავარი დაცვა კი არჩევნებზე ამ 37 წლის პრაქტიკასთან დამშვიდობებაა". – წერს ხოშტარია და TV პირველის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი დოსიეს ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები