თბილისის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თბილისში, კახა კალაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ყველა ქალაქსა და რეგიონში პირველივე ტურში მოიგებს.
"მაქვს ჩემი ხედვა, მაქვს ჩემი საარჩევნო სტრატეგია, ვატარებ საარჩევნო კამპანიას და საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია. ქართული ოცნება იქნება გუნდი, რომელიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს აბსოლუტურად ყველა ქალაქში და რეგიონში. ამას გვაჩვენებს 2 ოქტომბრის არჩევნები. შეგიძლიათ დაელოდოთ, ჩემი ეს სიტყვები მოინიშნოთ და შემდეგ ვისაუბროთ". - ამბობს კალაძე.
მისივე აზრით, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, თუმცა, მერობის კანდიდატად, შესაძლოა, მას მისცენ ხმა.
"შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს, იმიტომ, რომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეიძლება სხვა კონკრეტულ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე და მოწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები. არის ისეთებიც, ვინც პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხმას. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი". - ამბობს კალაძე.
9 სექტემბერს, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 33%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია – 25%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 10%-მა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.





